თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ არის მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის ფონდმა „ღია საზოგადოებამ“, მოამზადა ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეხება საქართველოს მიერ ევროკავშირის პირობების შესრულებას. დოკუმენტის მიხედვით, 12 პირობიდან ხუთი ჯერ არ არის შესრულებული. ესენია: დეპოლარიზაცია, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
„მათ მიერ გამოქვეყნებული ეს დასკვნაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „სოროსის ფონდი“ პირდაპირ არის ჩართული კამპანიაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ წარმოებს. ტყუილს როდესაც ავრცელებენ, თითქოს არ სრულდება რეკომენდაციები, ნიშნავს სწორედ იმ კამპანიის გაგრძელებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, სოროსის ფონდი ამ კამპანიაში თავიდანვე იყო ჩართული, რადგან ჯერ კიდევ ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ფონდის ევროინტეგრაციის ექსპერტმა მოამზადა დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წლის ივნისში საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა.
„ვიდრე კომისია, ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას, მანამდე „სოროსის ფონდმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. ანუ, ჩვენი მოქალაქეები ელოდებოდნენ კანდიდატის სტატუსს და ქართველი, თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე წერდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის საქართველოს“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ქართული ოცნება“ რეკომენდაციების შესრულებას მალევე შეუდგა. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ჯორჯ სოროსი არის ცნობილი ტრეიდერი, ფინანსისტი, ინვესტორი და ქველმოქმედი, „სოროსის ფონდის“ სახელით ცნობილი ორგანიზაციების ქსელის შემქმნელი. სოროსის საქმიანობას არაცალსახად აფასებენ სხვადასხვა ქვეყანაში და საზოგადოების სხვადასხვა წრეში.