ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დაიხურა

მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტირება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაანონსდა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. ბაქო–თბილისი–ყარსის (BTK) რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი გენერალური კონტრაქტორის მიერ სამშენებლო სამუშაოების ტემპის აჩქარების გამო დაკეტილია, ნათქვამია მედიაპლატფორმა BMG-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, ქართულმა მხარემ სარკინიგზო ხაზის „მარაბდა–კარწახის“ მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან შეტყობინება მიიღო, რომლის თანახმად, 15 მაისის 24:00 საათიდან სარკინიგზო მიმოსვლაზე შეზღუდვა ამოქმედდა.

„მატარებლების მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულების სურვილია“, – განუცხადეს BMG-ს „საქართველოს რკინიგზაში“.

რა ვადით დაიხურა „ბაქო–თბილისი–ყარსის“ რკინიგზა, უცნობია.
ამ დროისათვის საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოების დაახლოებით 86%-ია შესრულებული. მიმდინარე წელს რკინიგზის მშენებლობაში დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში დაანონსდა.
საქართველოს სატრანზიტო როლი და პროექტები: ღარიბაშვილისა და ალიევის მთავარი გზავნილები>>>
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
BTK-ს სავარაუდო გამტარუნარიანობა წელიწადში მილიონ მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. შემდგომში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობამ, შესაძლოა, წელიწადში 3 მილიონი მგზავრი და 20 მლნ ტონა ტვირთი შეადგინოს.