რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში გამოფრენამდე სანქციების სიებში გადაამოწმებენ

პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წელს მოსკოვმა ცალმხრივად შეწყვიტა.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების განხორციელებაზე გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით ავიაკომპანიების მიმდინარე სტატუსის შესწავლისა და დეტალური შემოწმების შემდეგ მიიღებს, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა მოიხსნა.
ამ დროისათვის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული რეისების შესრულებაზე საქართველოსა და რუსეთს შორის რამდენიმე ავიაკომპანიისგან რამდენიმე განაცხადი მიიღო.
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებით და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული", – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მტკიცე პოზიციაა ის, რომ რეისები საქართველოსა და რუსეთს შორის შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებისა და საჰაერო ხომალდების საშუალებით, რომლებზეც არ ვრცელდება სანქციები, აღნიშნულია განცხადებაში.

„შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოსული ყველა განაცხადი, ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თუ დოკუმენტაცია იქნება დეტალური შესწავლის და სხვადასხვა მექანიზმებით გადამოწმების საგანი სანქციებთან მიმართებით", – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტო გადის კონსულტაციებს და იმ სახელმწიფოების მაგალითებს სწავლობს, რომელებიც იცავენ სანქციებს და ამასთანავე პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქვთ რუსეთთან.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოში ფრენას მხოლოდ ის კომპანიები და თვითმფრინავები შეძლებენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ ფიგურირებენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები იფრენენ.
რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა.
რომელი რუსული ავიაკომპანიები შეძლებენ ფრენას საქართველოში
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
საქართველო რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არ განიხილავს>>
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება.
საქართველოს ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ თვითონ საქართველოს დააზარალებს. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.