რომელი რუსული ავიაკომპანიები შეძლებენ ფრენას საქართველოში

გადაწყვეტილება, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიაკომპანიები შეასრულებენ, ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტზე ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების მიერ, რომლებიც სანქციების სიაში არ არიან, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა მოიხსნა.

„საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში", – აღნიშნულია განცხადებაში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო კომპანიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.

„კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: აეროპორტებში ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომა არცერთ საერთაშორისო აეროპორტში არ იქნება", – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოში ფრენას მხოლოდ ის კომპანიები და თვითმფრინავები შეძლებენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციებში არ ფიგურირებენ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და თვითმფრინავები იფრენენ.
რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას არ განიხილავს>>
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ფინანსებსა და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას უკავშირდება.
საქართველოს ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ თვითონ საქართველოს დააზარალებს. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.