თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოში მარიხუანის მოწევისთვის, მათ შორის ბავშვების თანდასწრებით, 2023 წლის 1 იანვრიდან 18 აპრილამდე დაჯარიმდა 17 ადამიანი, ხოლო მისი შენახვისთვის – 300, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
საქართველოში მარიხუანის შენახვა და მოწევა კვლავ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად რჩება. მოწევის შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ადგილებში მოხმარებაზე, მათ შორის, ქუჩაში, ეზოში ან ბავშვების თანდასწრებით. ჯარიმა შენახვისთვის 500 ლარს შეადგენს, ხოლო მოწევისთვის, ადგილისა და დარღვევის სახის მიხედვით, 500-დან 1,5 ათას ლარამდე.
შსს-ს მონაცემებით, მარიხუანის არასათანადო ადგილზე ან ბავშვების თანდასწრებით მოწევის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და აჭარაში.
სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებული 17-ვე პირი 26-დან 60 წლამდე მამაკაცია.
რაც შეეხება მარიხუანის შენახვის ფაქტებს, აქ ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონებში.
მარიხუანის შენახვისთვის დაჯარიმებული დაახლოებით 300 ადამიანიდან ოთხი ქალია. დაჯარიმებულთა შორის უმრავლესობა 26-დან 60 წლამდეა. მარიხუანის შენახვისთვის აღნიშნულ პერიოდში ასევე დაჯარიმდა ოთხი არასრულწლოვანი და ერთი 60 წელს ზემოთ პირი.