თბილისი, 15 მაისი — Sputnik.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით ისლანდიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
რეიკიავიკში 46 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა სამიტი 16-17 მაისს ჩატარდება.
უწყების ცნობით, საქართველოს პრემიერი სამიტის მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარდგება.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.