მას თავისი ნახატები თექაზე, ბატიკასა და ვიტრაჟზე გადააქვს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ქართულ კულტურასა და ტრადიციას უწევს პოპულარიზაციას და არაერთი საერთაშორისო გამოფენისა და ფესტივალის ორგანიზატორია.
– ქალბატონო ანა, აბსტრაქტულ თემაზე შექმნილი თქვენი ნამუშევრები თექაზე, ბატიკასა და ვიტრაჟზე გადაგაქვთ ხოლმე, რა სტილშია ისინი შესრულებული?
– ჩემი ნამუშევრები ძირითადად აბსტრაქტულ სტილშია შესრულებული. ბოლო ოთხი წელია, რაც თექის ტექნოლოგიის სრულყოფილად შესწავლით ვარ დაინტერესებული და ამ განხრით ვმუშაობ. ასევე ვეუფლები ბატიკის, ვიტრაჟის და მინანქრის ტექნოლოგიას. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობ ჩემი აბსტრაქტული სიუჟეტები სხვადასხვა ტექნიკაში შევასრულო და ვიზუალურად უფრო მრავალფეროვანი გავხადო.
– თქვენი შთაგონების წყარო უფრო ხშირად რა ხდება ხოლმე?
– ჩემი შთაგონება ან მუზა შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს. ისეთ შრომისმოყვარე ოჯახში გავიზარდე, რომ ჩემი მუზაც, შთაგონებაც და ყველაფერი მშობლები არიან. ბავშობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, რომ სულ მინდოდა მეხატა და ხელოვნებაზე მესაუბრა.
– როგორ იყო ოჯახი, სადაც გაიზარდეთ?
– მე და ჩემი ძმა ვანო ლაღიძე ბავშობიდან ვხატავთ და ვხაზავთ. გავიზარდეთ არქიტექტორების ნიკო და ნინო ლაღიძეების ოჯახში. ჩემი პაპა ივანე ლაღიძეც მხატვარი იყო. მშობლებს თუ რაიმე რუტინული ნახაზი ჰქონდათ დასახაზი, ჩვენ გვავალებდნენ. ამ დავალებას ჩემი ძმა ყოველთვის უკეთ ასრულებდა.
– პირველი პერსონალური გამოფენა სად გქონდათ?
– ჩემი და ჩემი ძმის პირველი პერსონალური ერთობლივი გამოფენა "ფერადი სიზმრები" 1997 წელს ცისფერ გალერეაში (ახლა უკვე შევარდნაძის სახელობის მუზეუმში) გაიხსნა. მასშტაბური სივრცის ექსპოზიციას 300 ნამუშევარი ქმნიდა, რომლებიც ძირითადად აბსტრაქტულ სტილში იყო შესრულებული. 2002 წელს მე და ჩემი ძმა სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები გავხდით. აკადემიაში განვლილი წლები მრავალფეროვანი იყო. სწავლის პარალელურად აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში, ვმუშაობდით „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზეც.
– როგორი იყო ფესტივალი, რომელიც რაჭაში ჩაატარეთ?
– ფესტივალი "საერთაშორისო არტ-სოფელი უწერა", რომლის ორგანიზატორიც ვიყავი, 2015 წლის აგვისტოს თვეში რაჭაში, სოფელ უწერაში ჩავატარე. იმ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა ხელოვანებმა, სტუდენტებმა, ონის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. ის ფესტივალი ქართული კულტურისა და ბუნების პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ვფიქრობ, მსგავსი ფესტივალები საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ ხშირად უნდა ჩატარდეს.
– განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გამართული თითოეული გამოფენა, რომელზეც ქართული კულტურის წარმოჩენა ხდება...
– როდესაც მონაწილეობას ვიღებ ხოლმე საერთაშორისო გამოფენებში, იქ აუცილებლად მიმაქვს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით, ქართული მატყლით შესრულებული ჩემი აბსტრაქტული თექის ნაკეთობები (პანოები), რაც ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ასევე თითქმის ყოველთვის ვატარებ მშრალი თუ სველი თელვის ვორქშოფებს თექის ქსოვილის თუ ნაკეთობის შესაქმნელად და ვცდილობ ვორქშოფის თემატიკა, მუშაობისა და სწავლის პროცესი ხელოვნებაში უცხო ქვეყნის ხასიათს, ტრადიციებს თუ ტენდენციებს მოვარგო, რათა შეგირდებისთვის უფრო საინტერესო გახდეს. თითოეული ჩვენგანი ხომ უცხოეთში საქართველოსა და ქართული კულტურის ელჩია...
ნინო მამულაშვილი