თბილისი, 14 მაისი- Sputnik. თბილისში, მწერალთა სახლში 18-20 მაისს მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღე (International Museum Day) 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა. მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მეორედ უმასპინძლებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უკავშირდება მწერალთა სახლის უნიკალურ ისტორიას, რომლის გაცნობა საზოგადოებისთვის და ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ჭაღების შუქი საღამოს საათებში
© photo: Sputnik
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ მოინახულონ დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმები და დაესწრონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სახელოვნებო ღონისძიებას.
კერძოდ, საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია „დავით სარაჯიშვილი - დაუსრულებელი ისტორია“, ნატა ლომოურის ტური მწერალთა სახლში, საგანმანათლებლო ვორქშოპი მოზარდებისთვის „მე არ ვწერ ლექსებს” და სხვ.
ასევე 18 მაისს მწერალთა სახლში ტრადიციულად გაიმართება ღონისძიება „ღამე მუზეუმში“. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმების მონახულება უფასოა.