„ბავშვებს აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება“: ფაქტზე ოთხი ქალი დააკავეს

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 22-დან 52 წლამდეა. მათ გამოძიება არასრულწლოვნებით ვაჭრობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება, მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ.
უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებული ქალების მითითებებს, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - შსს