თბილისი, 13 მაისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ (New Wine Festival 2022) გაიხსნა.
ახალი ღვინის ფესტივალის მთავარი იდეა ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა თუ ადგილების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა.
ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ბოლო მოსავლის (2022 წ.) ასეულობით ახალი ღვინის გასინჯვის, ამ ღვინოების ავტორების გაცნობისა და ახალი გემოების აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ.
„რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ღვინის ფესტივალის თარიღი და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად“, - წერენ ფესტივალის ორგანიზატორები.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, „მრავალჟამიერის“ თანხლებით.
ღონისძიება 18:00 საათზე დასრულდება. დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი 2010 წლიდან სულ უფრო ფართოვდება. ასპარეზზე ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები ჩნდებიან და სტუმრებს თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოებს სთავაზობენ.