თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ სავარაუდოდ უახლოეს დროს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 10 მაისიდან რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ ფრენებსა და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა მოიხსნა.
„იმედი მაქვს, უახლოეს ათ დღეში დავიწყებთ ფრენებს“, - განაცხადა გაიაშვილმა ტელეარხ „პალიტრას“ ეთერში.
გაიაშვილის თქმით, Georgian Airways-ს არ აქვს დაბრკოლება მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენისთვის. მაგრამ კომპანიამ ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოს, გაითვალისწინოს ყველა არსებული გარემოება, აღნიშნა მან.
„Georgian Airways-ის სპეციალისტები თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებზე ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ. ჩვენ ვართ კერძო კომპანია, ჩვენ ვერ ვიმუშავებთ ზარალზე, ამიტომ ვიმუშავებთ ამ მიმართულების წინსვლისთვის“, - განაცხადა გაიაშვილმა.
ამასობაში, ადრე ცნობილი გახდა, რომ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გარდა, საქართველოში ფრენებს რუსული ავიაკომპანია Azimuth გეგმავს.
ცნობილია, რომ რუსული ავიაკომპანია ფრენებს Superjet-ის თვითმფრინავებით განახორციელებს, რადგან ისინი რუსეთის სალიზინგო კომპანიებს ეკუთვნიან და არ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც კრძალავს მომსახურებას უცხოეთის აეროპორტებში.
რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ფრენების აღსადგენად ავიაკომპანიებმა უნდა მიიღონ სპეციალური ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან, რომელშიც მითითებული იქნება ფრენების სიხშირე და სხვა მოთხოვნები. თუმცა, სააგენტოში ქვეყნებს შორის ფრენების ნებართვასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოში ფრენებს მხოლოდ ის კომპანიები და თვითმფრინავები შეძლებენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ მოექცნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ ფრენები განხორციელდება მხოლოდ იმ თვითმფრინავებითა და იმ კომპანიების მიერ, რომლებზეც ანტირუსული სანქციები არ ვრცელდება.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამისგან მხოლოდ საქართველო დაზარალდება.