თბილისი, 13 მაისი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია S.K. Impex შეიყვანა ბაზრის მოთამაშეთა სიაში, რომელიც უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების გაძვირებისას კომპანიების შესაძლო შეთქმულების საქმეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვის შესახებ საქმის შესწავლა დაიწყო 24 მარტს, ონკოპრეპარატების მოულოდნელი გაძვირების შემდეგ.
კომპანია S.K. Impex-ის გარდა, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას აწარნოებს შემდეგი კომპანიების მიმართ: GEPHA, Aversi Pharma, PSP Pharma და Mermisi.
ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში, რომელსაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ, თავის მხრივ, ეს თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.
მარაგების ამოწურვის შემდეგ, ყველა ქართულ ფარმაცევტულ კომპანიას მარტში თურქეთიდან მედიკამენტების გაზრდილი ფასებით შემოტანა მოუწია. შესაბამისად, შეუძლებელი იყო იმ არარეალურად დაბალი ფასების შენარჩუნება, რაც თებერვალში იყო, განაცხადეს ასოციაციაში.