თბილისი, 13 მაისი – Sputnik. თავმჯდომარის შეცვლა უკვე განიხილება ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ნაცმოძრაობას“ ორი ბანაკი ჩამოყალიბდა: ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები. ხაბეიშვილს მხარს უჭერენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. ხაბეიშვილმა შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა და თავმჯდომარის პოსტზე მელია ჩაანაცვლა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის პარტიის თავმჯდომარე. ეს ყველამ კარგად იცის და ამჟამად აქტიურად განიხილება მისი შეცვლის საკითხი, ამტკიცებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
„ყველაზე აქტიურად განიხილება პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა. თავიდანვე ასე იყო, დროებით თავმჯდომარედ იყო მოაზრებული ხაბეიშვილი, რომელსაც უნდა მოეგო არჩევნები და შემდეგ გადაებარებინა ეს პოზიცია პეტრე ცისკარიშვილისთვის, ვნახოთ, აქ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ პარტიის არაფორმალური ლიდერია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვისთვის დაუსწრებლად გასამართლებული კეზერაშვილი ამჟამად აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გარდა ამისა, ის აფინანსებს ოპოზიციურ მასმედიას მის მიერ დაარსებული ტელეკომპანია „ფორმულის" ჩათვლით.
„რაც შეეხება არაფორმალურ ლიდერობას, რა თქმა უნდა, კეზერაშვილი არის მთავარი დამფინანსებელი, რომელიც დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით, მათ შორის, ძალიან სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე
© photo: Sputnik / Stringer
მისი თქმით, პარტიაში წამყვან როლს ისევ ასრულებენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ დეგრადაციის გზას ადგას.
„ზოგადად, ყველაზე დეგრადირებული ადამიანები არიან შეკრებილი „ნაცმოძრაობის“ სათავეში, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმდენად დეგრადირებულია მთლიანობაში ეს პოლიტიკური პარტია, რომ მათ სათავეში ყველაზე გამორჩეულად დეგრადირებული ადამიანების ყოფნაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესები წარიმართება „ნაცმოძრაობაში“, ეს გამოიწვევს მათ შემდგომ დასუსტებას, რაც უკვე აისახება რეიტინგებზე“, - განაცხადავ კობახიძემ.
რა ხდება „ნაცმოძრაობაში“
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაცმოძრაობას“ გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები კი ცხადყოფს, რომ „ნაცმოძრაობა“ პოპულარობით მეორე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ვინ არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას“, სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის“ ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთ პარტიაში არ არის გაწევრიანებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურად აქტიური და არ შეუძლია თავისი პოზიცია ჰქონდეს.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე „მისტერ ოფშორი“ დგას.
დავით კეზერაშვილი
© AFP 2024 / ANNE-CHRISTINE POUJOULAT
რაც შეეხება მერაბიშვილს, „ქართული ოცნების" ლიდერები მას 2004–2012 წლების „სისხლიანი რეჟიმის" ერთ-ერთ ავტორს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მერაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო საქართველოში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის სისხლის სამართლის ხუთ საქმეში დამნაშავედ ცნეს და მან ციხეში 6 წელი და 9 თვე დაჰყო.
ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" სათავეებთან იდგა, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია მალე გადავა აქტიურ მოქმედებებზე. მან მასობრივი საპროტესტო აქციები დააანონსა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების შეცვლაა.
ამაზე პასუხად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ მერაბიშვილი არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
სამშობლოში ადეიშვილი ექვს სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.მას ამჟამად უკრაინაში მაღალი თანამდებობა უკავია.