თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 30 აპრილისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.133,4 დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
აპრილში რეზერვები 129,6 მილიონი დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 213,9 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.
მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წლის 31 მარტისთვის მიაღწია და 5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,2 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,5 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 467,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 4,2 მლნ დოლარს შეადგენს.