ბრეგაძე: სააკაშვილის მდგომარეობაზე მისი გარემოცვა აგებს პასუხს

Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოს: ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში, ჰყავს ექიმი და იღებს ყველანაირ სამედიცინო დახმარებას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
მინისტრმა სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელობა მის გარემოცვას დააკისრა, „იმ ადამიანებს, ვინც მას აქეზებენ და უქმნიან ცრუ მოლოდინებს, თითქოს ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესებით მოიპოვებს თავისუფლებას“.

„ჰუმანური მიზნებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ როგორც მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი გარემოცვაა, მაქსიმალურად იზრუნონ იმაზე, რომ ეს ადამიანი დაემორჩილოს მკურნალობას, ექიმებს. ასევე მიაწოდონ საკვები იმ კალორაჟით, რასაც მათ ექიმები ეუბნებიან“, — აღნიშნა ბრეგაძემ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს არცერთი ინსტანციის სასამართლომ არ ცნო სააკაშვილის სარჩელი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც უარი უთხრა დროებით ღონისძიებაზე, იმაზე მეტყველებს, რომ „სახელმწიფოს მოქმედება თავიდან ბოლომდე არის ადამიანის უფლების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა აპრილში მიმართეს და ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტსა და ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილს მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანაზე.