პაპუაშვილი: რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები სამხედრო კონფლიქტამდე მიგვიყვანს

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ საერთაშორისო სანქციებს იცავს.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების შემოღების შესახებ განცხადებები რეალურად ნიშნავს მოწოდებას პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში შესვლისკენ, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ავიაციის სფეროში და გააკონტროლოს მისი დაცვა. განცხადება ამის თაობაზე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ გააკეთა.

„მთავარია ორი პრინციპი: საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში", – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო იცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, ამასთან, საქართველო არ გახდა ქვეყანა, სადაც მათთვის გვერდის ავლა შესაძლებელია.

„ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

როგორც პოლიტიკოსმა განმარტა, სავიზო რეჟიმის გაუქმებით და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით რუსეთმა გააუქმა სანქციები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს სჯიდა.

„როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით პანიკის ატეხვა, სკანდალების მოწყობა?.. პირიქით, ყველა სანქცია, რაც კი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ, უნდა იყოს მოხსნილი, რადგანაც საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია არის უსამართლო, და მნიშვნელოვანია, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს მხოლოდ ის კომპანიები განახორციელებენ, რომელთაც საერთაშორისო სანქციები არ შეხებიათ.
კობახიძე: ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა საქართველოს გონივრული პოლიტიკის შედეგია>>>
რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. ხელისუფლებამ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამისგან მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. კანდიდატის სტატუსი იმავე დღეს მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ – წლის ბოლოს.