ჰუმანიტარული გადაწყვეტილება: პესკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე

Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოში ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა და იქვე აღნიშნა, რომ სამომავლო პერსპექტივების თაობაზე „ასე შორს არ შეტოპავდა".
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა.

„გუშინ თბილისიდან განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. იყო ნეგატიური, იყო თავშეკავებული შეფასებები. თუმცა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იღებდა მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეებისა და მეწარმეებისგან, საზოგადოებრივი გაერთიანებების, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის მოღვაწეებისგან, რომლებიც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებას.
„ასე რომ, სწორედ ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ჯერ ასე შორს არ შევტოპავდი“, – განაცხადა პესკოვმა კითხვაზე, არის თუ არა კრემლის გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა.
ზახაროვა ფრენების აღდგენის და ვიზების გაუქმების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება>>>
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მაგრამ იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.