ეროვნული ბანკი: უცხოელების ანგარიშები საქართველოს ბანკებში მკაცრად კონტროლდება

ეროვნული ბანკი აკონტროლებს კომერციულ ბანკებს, რათა მათ საერთაშორისო სანქციები არ დაარღვიონ.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. კომერციული ბანკები მკაცრად იცავენ საერთაშორისო სანქციებს უცხოელების მიერ ანგარიშის გახსნის მომენტიდან, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
საქართველომ თავისი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა და განაცხადა, რომ ამისგან მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამავე დროს, საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს.
მინისტრი: საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შეუსრულებლობის მტკიცებულება არ არსებობს>>
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეები 2022 წლის დეკემბერისთვის ქართული კომერციული ბანკების დეპოზიტებზე ინახავდნენ 6,55 მილიარდ ლარს, ამასთან, მთელი თანხის 37% რუსეთის მოქალაქეების მიერ გახსნილი დეპოზიტებია.

„კომერციული ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ ამას როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ისე მომავალში, რადგან შეიძლება ანგარიშის გახსნის მომენტში არ იყოს პირი სანქცირებული, თუმცა შემდეგ დასანქცირდეს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, აკონტროლებს კომერციულ ბანკებს, რათა მათ არ დაარღვიონ საერთაშორისო სანქციები.
„ჩვენ ცალკე განყოფილება შევქმენით ამისთვის და ზოგმა კომერციულმა ბანკმა ამისათვის დამატებით კადრებიც აიყვანა, რათა სანქციების კონტროლი იყოს რაც შეიძლება ეფექტიანი“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს - ფინანსთა სამინისტრო>>
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რუსეთის 62 ათასი მოქალაქე იყო ემიგრირებული.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს კომერციული ბანკების ანგარიშებზე 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ანგარიში რუსეთის დაახლოებით 110 ათასმა მოქალაქემ გახსნა. რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის დეკემბრისთვის დაახლოებით 2,4 მილიარდი ლარი შეადგინა, ამასთან, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტების მოცულობის ზრდამ 327% შეადგინა.
ეს საქართველოსთვის ჰარაკირი იქნებოდა – კალაძე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე>>
კონკრეტულად რომელ ქართულ ბანკებში გახსნეს ანგარიშები რუსეთის მოქალაქეებმა და რუსულმა კომპანიებმა, ეროვნულ ბანკში არ აცხადებენ კონფიდენციალობის პრინციპიდან გამომდინარე.
ქართულ კომერციულ ბანკში ანგარიშის გასახსნელად უცხოელმა რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რაც კონკრეტული ბანკის უსაფრთხოების სისტემის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.
საქართველოს ორი სისტემური ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“, გარდა დოკუმენტების სტანდარტული პაკეტის წარდგენისა, სპეციალური ანკეტების შევსებას ითხოვენ.