თბილისი, 11 მაისი – Sputnik. ინფლაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით რეფინანსირების განაკვეთის 11–დან 10,5%–მდე შემცირება ნაკლებად ეფექტურია, განუცხადა Sputnik–საქართველოს საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე–პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანია მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა და 2022 წლის მარტიდანრეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებდა.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
„მონეტარული პოლიტიკის შერბილება დიდ ეფექტს არ იძლევა. ყოველთვის ვამბობდი, რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება ან გაიზრდება 15%–მდე, ამას ინფლაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს“, – განაცხადა შენგელიამ.
მისი თქმით, საქართველოსთვის მომგებიანია, რომ რეფინანსირების განაკვეთი 5%–ზე მაღალი არ იყოს.
„ეს ბიზნესს საშუალებას მისცემს ლარში წლიური 9–10%–იანი კრედიტი აიღოს, ასევე შესაძლებლობას შექმნის მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, შექმნან დამატებითი კომპანიები, დამატებითი სამრეწველო კერები და ადგილზე მეტი პროდუქცია აწარმოონ“, – განაცხადა ექსპერტმა.
შენგელიამ აღნიშნა, რომ, როდესაც ადგილობრივი წარმოების საქონელი კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულს, საქართველოში ფასები შემცირდება.
ეროვნული ბანკის პოზიცია
მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკის კომიტეტმა ინფლაციის შემცირების ტენდენციები და პროგნოზები გაითვალისწინა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის აპრილი 2022 წლის აპრილთან შედარებით) 2,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის კლებას დიდწილად იმპორტირებული პროდუქტების ფასების შემცირება განაპირობებს; საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები 2022 წლის შუა პერიოდიდანეტაპობრივად იკლებს, ხოლო საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა.
ამასთან, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავ მაღალია.
ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს.
2019 წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში მან 8%-მდე დაიწია. ხოლო 2021 წლის მარტში ისევ ზრდა დაიწყო.