თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას და პირდაპირი ფრენების აღდგენას პროვოკაციად აფასებს.
„მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია", – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში".
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ვიზა საჭირო იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში დროებით საცხოვრებლად სამუშაოდ ან სწავლის მიღების მიზნით შევლენ.
ასევე პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.