თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში ფრენას მხოლოდ ის ავიაკომპანიები შეძლებენ, რომლებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ არიან მოქცეული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდება სავიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
„ვერცერთი ავიაკომპანია ან ხომალდი, რომელიც სანქციების ქვეშ მოექცა, საქართველოში ფრენას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ავიაკომპანიებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან სანქციებს, ისინი შეძლებენ პირდაპირი ფრენების განხორციელებას", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს არცერთ პირდაპირ რეისზე ნებართვა არ გაუცია.
„ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან არცერთი ნებართვა არ გაცემულა, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ფრენას შეძლებენ ის კომპანიები, რომლებიც ასევე რეისებს ახორციელებენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, აზერბაიჯანი.
„მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც სანქციების ქვეშ არ მოჰყვა, შეძლებს განახორციელოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მაგრამ იცავს ყველა საერთაშორისო სანქციას.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით 2019 წლის ზაფხულიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.