თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის მარტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის ზრდა ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 14,8%-ით გაზრდის ხარჯზე.
2023 წლის მარტში, 2022 წლის მარტთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 6,6%-ით, რაც გამოწვეული იყო ხელფასების 6,9%-ით და სამშენებლო მასალების ფასების 4,8%-ით გაზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.