თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე AIM 2023 საქართველოს პოტენციალს წარადგენს.
ფორუმზე საქართველო წარმოდგენილია სპეციალური სტენდით. სტუმრებს შეუძლიათ გაიგონ მეტი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო, საქმიანი და ეკონომიკური გარემოს შესახებ და მიიღონ პასუხები მათთვის ყველა საინტერესო კითხვაზე.
გარდა ამისა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს წარადგენს სპარსეთის ყურის ქვეყნების 20 კომპანიის წინაშე, ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელზე სახელწოდებით „ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური ზრდისთვის".
საინვესტიციო ფორუმი წელს სამი დღე გაგრძელდება. ფორუმის ძირითადი თემაა "საინვესტიციო პარადიგმის ცვლა: მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობები მდგრადი ეკონომიკური ზრდის, დივერსიფიცირებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის".
AIM Forum წელს მეთორმეტედ ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორები ფორუმზე 20 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.