დეპუტატი ვიზებთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებაზე: ეს ჩვენს ემიგრანტებს წაადგებათ

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილდებათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა კრემლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას უკავშირდება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი და ასევე მოიხსნება საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა.

„ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენა“, – განაცხადა წილოსანმა.

მისი თქმით, შეზღუდვები რუსეთმა დააწესა და არა საქართველომ, რომელთა გაუქმებაც ასევე მისი პრეროგატივაა.

„უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ პირდაპირ და ზუსტად, რა მოხდა. რუსეთმა აღადგინა ფრენები, რაც მისი მხრიდან და არა საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო“, – განაცხადა დეპუტატმა.

სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას, რამაც შეიძლება საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის შეშფოთება გამოიწვიოს, დეპუტატმა საზოგადოებას შეახსენა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა.
„შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა წილოსანმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს სანქციების დაწესებას ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე.
ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე>>>
წილოსანის თქმით, მას უჭირს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე კომენტარის გაკეთება, თუმცა დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ემიგრანტებზე დადებითად იმოქმედებს.

„ერთადერთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იქნება, არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, უფრო მეტად გაუადვილდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები“, – განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.