ხუნდაძე: საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ევროკავშირის შექმნამდე იყო

Sputnik
თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ევროპა საქართველოს ისტორიული ოჯახია და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპის ღირსეული წევრი, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც ის ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, დემოკრატიული საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმდენი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, რაც შეძლო დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა, და „სწორედ ამიტომაა მტკივნეული დღევანდელი ევროპიდან უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები“.
ხუნდაძის განცხადებით, ევროპასთან საქართველოს ურთიერთობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში, საუკუნეებს ითვლის.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო ჯერ კიდევ მანამდე იყო ევროპული ოჯახის წევრი, სანამ ევროკავშირი შეიქმნებოდა. ჩვენი ევროპასთან ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. მჭიდრო თანამშრომლობა კი მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა თავად ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში. თითქმის ყველა დარგის უდიდესი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ მოაზროვნე მოღვაწეობდა ევროპაში და ქმნიდა ქართულ-ევროპულ ისტორიას“, — განაცხადა ხუნდაძემ.

ევროპის დღეები – ეს არის ღონისძიებათა სერია, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში იმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ევროპის დღეების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.