შარლ მიშელი: საქართველოს მომავალი ჩვენს საერთო ოჯახშია

Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლების მკაფიო არჩევანი, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე ვიდეოჩართვისას.

„დღეს ევროპის დღეა და პირველი ევროპის დღეა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს ხალმა მკაფიო არჩევანი გააკეთა, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლების მკაფიო არჩევანი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მომავალი ჩვენს საერთო ოჯახშია“, – აღნიშნა მიშელმა.

ევროპის დღეს მან ყოველივე საუკეთესო და ბედნიერი უსურვა საქართველოსა და ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ მათთან ერთად არის ბედნიერი.
ევროპის დღეები – ეს არის ღონისძიებათა სერია, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში იმართება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ევროპის დღეების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.