პაპუაშვილი: ეს იგივეა, რომ გვითხრან, ილიას ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთანო

Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ხაზგასმა, რომ ევროპულ ოჯახში კონსერვატიულ ღირებულებებს არაფერი ესაქმება, იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის წევრმა „ევროპელმა სოციალისტებმა“ მკაცრად გააკრიტიკეს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობისა და იქ გაკეთებული განცხადებების გამო. პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა კატი პირიმ ღარიბაშვილის მოქმედებას მიუღებელი უწოდა და აღნიშნა, რომ ივნისში პარტიაში შეფასება მიეცემა „ქართული ოცნების“ სტატუსს.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე საუბარი იყო ოჯახზე, სამშობლოსა და რწმენაზე და ამიტომ მისთვის გასაკვირია, როდესაც ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ ამგვარ ღირებულებებს ევროპასთან არაფერი აქვს საერთო.

,,ძალიან გამიკვირდა, როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება ოჯახს, სამშობლოს, რწმენას. ეს ფაქტობრივად იგივეა, გვითხრან, რომ ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. <...> ეს არის სწორედ ის ფასეულობები, რაც ჩვენს ერს გააჩნია. ეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზას აჩვენებს – მამული, ენა, სარწმუნოება. ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული ჩვენი ევროპაში სწრაფვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპელი სოციალისტების პარტია აერთიანებს ევროკავშირის სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. მასში 32 სრულფასოვანი წევრი პარტიაა, 14 – ასოცირებული პარტია და 14 – დამკვირვებელი.
ევროპარლამენტში „ევროპელი სოციალისტების პარტია“ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს წარმოადგენს.