საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი კაცი წავიდა. ეს 40-იან წლებში ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეხუთედი იყო. წასულთაგან კი დაახლოებით ნახევარი შინ აღარ დაბრუნებულა.
1941 წლის ივნისის ადრიანი დილით ფაშისტების დარტყმა ერთ-ერთმა პირველებმა ქართველებმაც იგემეს. ლეგენდარული ბრესტის ციხე-სიმაგრის დაცვის ბრძოლაში ასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა. მათგან მხოლოდ რამდენიმე, ისიც მძიმედ დაჭრილი და გონდაკარგული ჩავარდა ტყვედ. ციხე-სიმაგრის დანარჩენი დამცველები ბრძოლაში დაეცნენ.
333-ე მსროლელ პოლკში, რომელსაც მაიორი ურთმელიძე ხელმძღვანელობდა, ასობით ქართველი იბრძოდა და თითქმის ყველა მათგანი შეეწირა დასავლეთ ბუგის ნაპირებზე ბრძოლას ომის პირველ დღეებში.
იმ პირველ ბრძოლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ქართველმა არტილერისტმა, უფროსმა ლეიტენანტმა, საბჭოთა კავშირის გმირმა ვლადიმერ ხარაზიამ. საარტილერიო ნაწილმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, მტრის ათობით ტანკი და საცეცხლე წერტილი მოსპო.
ომის დაწყებიდან პირველ ექვს თვეში მაიორ წურწუმიას ესკადრილიამ ექვსი პოლკი, შვიდი გერმანული და რუმინული ხომალდი, 200 ტანკი, 1200 ავტომობილი საომარი აღჭურვილობით, 14 თვითმფრინავი გაანადგურა და მტრის 10 აეროდრომი დაბომბა. ესკადრილიამ სარდლობის არაერთი უმნიშვნელოვანესი დავალება შეასრულა ბუქარესტის, პლოეშტისა და კონსტანცის სამხედრო ობიექტების დაბომბვით. 1941 წლის 30 დეკემბერს მაიორი წურწუმია დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
და ეს მხოლოდ ომის დასაწყისში. ქართველები შემდეგ კიდევ წლების განმავლობაში იბრძოდნენ გერმანიის წინააღმდეგ ფრონტებზე.
ისინი ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობდნენ: მოსკოვის მისადგომებთან, ლენინგრადის დაცვაში, სტალინგრადის ბრძოლასა თუ კურსკის რკალზე.
იბრძოდნენ კუნძულ ტექსელზე ნიდერლანდში. ტექსელის მოსახლეობა ამ მოვლენას დღემდე „ქართულ აჯანყებას" უწოდებს. აქ 560-ზე მეტი ქართველი დაიღუპა. ქართულ საფლავებსა და ჯარისკაცების ძეგლებს აქ დღემდე პატივს მიაგებენ.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ქართველების როლი კავკასიისთვის ბრძოლაში, როდესაც გერმანიის სარდლობამ 1942 წლის ზაფხულში სპეციალურად გაწვრთნილი სამთო დივიზია „ედელვაისი" გამოგზავნა. შემოდგომაზე ისინი უკვე განდევნეს კავკასიის მთებიდან.
მელიტონ ქანთარიას კი, რომელმაც ეგოროვთან ერთად 1945 წლის მაისის დასაწყისში რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა, თბილისში ძეგლი დაუდგეს.
ომის გმირებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ის ხალხიც, რომელიც მტრის ზურგში თავდაუზოგავად შრომობდა და ფრონტს ეხმარებოდა.
ომამდე საქართველო არ უშვებდა არც იარაღს, არც საბრძოლო მასალას და სამხედრო ტექნიკას.
რთული იყო, მაგრამ საქართველო გადაეწყო სამხედრო მრეწველობაზე. პრიორიტეტული გახდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, რომელიც სამხედრო ინდუსტრიისთვის იყო საჭირო. ბევრმა საწარმომ და ქარხანამ დაიწყო იარაღის, საბრძოლო აღჭურვილობის დამზადება. 1941 წელს ამუშავდა თბილისის საავიაციო ქარხანა, რომელიც მოიერიშე თვითმფრინავებს უშვებდა.
ამ საწარმოებში უამრავი ქალი და მოზარდი მუშაობდა.
ქართველი გმირების სია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ, უსასრულოდ დიდია და მათი ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან 700 ათას წარგზავნილთაგან 224 ათასი სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა.