ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის გამო ერთი პირი დაჯარიმდა

მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც თბილისში, ვაკის პარკში 7 მაისს უკრაინის დროშა ჩამოხია, 1 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის, იუწყება „პირველი არხი“.
ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხევს უკრაინის დროშას უცნობი პირი, ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარმა“ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მამაკაცმა კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეს მამაკაცი კონსერვატიული მოძრაობის მომხრეა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნდა.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 1 ათასი ლარის ოდენობით.
ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა დროშა ადგილზე უკვე დააბრუნეს.