თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე უპრინციპო და არაადეკვატური ადამიანია, რომელმაც საზოგადოება არერთხელ მოატყუა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ ირაკლი ზარქუამ.
ვაშაძე ყურადღების ცენტრში სპეცოპერაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომელიც 5 მაისის ღამით აღმაშენებლის გამზირზე ჩატარდა. საგამოძიებო ღონისძიება დაიწყო ანონიმური შეტყობინების საფუძველზე იმის შესახებ, რომ აღმაშენებლის 75-ში დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი მუშაობს. იმავე დღეს მასმედიაში მასთან ვაშაძისა და უკრაინის რადაში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას კავშირზე ალაპარაკდნენ.
„ქოლ-ცენტრების“ თემაზე ყვიროდა და არის გონივრული ეჭვი, რომ თვითონ და მისი ოჯახია დაკავშირებული. ეს მიუთითებს, რომ ეს კაცი არის არაადეკვატური, ჩვეულებრივი მატყუარა, უავტორიტეტო, უპრინციპო“, – განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.
ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ამტკიცებს, რომ ოფისი, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა, მიხეილ არახამიას ჰქონდა იჯარით აღებული, რომელიც დავით არახამიას ძმაა.
„ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ვართ, შესაბამისად, ვიდრე ბრალი არ არის დამტკიცებული, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ის, რომ ბატონი ვაშაძე სადაც ფლობს სასტუმროს თუ რაღაც ფართს, ზუსტად იმ შენობაში, იმ მისამართზე ქოლ-ცენტრებია, ეს დასტურდება და თვითონაც არ უარყოფს“, – განაცხადა ზარქუამ.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძემ საზოგადოება არაერთხელ მოატყუა.
„მეორე თემაა ის, რომ ბატონი არახამიას ნახევარძმას თუ ძმას ინტერესი აქვს და ფლობს, ეს ხომ ფაქტია. ამას ვერ გავექცევით... მორჩა“, – აღნიშნა ზარქუამ.
თავად გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სპეცოპერაცია იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაგეგმილი იმიტაცია.
ვაშაძის თქმით, მას აქვს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, 13 მარტს, სავარაუდოდ, სუსის დავალებით ვინმე მიხეილ არახამიამ დაარეგისტრირა კომპანია „ლაიენ 7 გრუპი", რომელმაც შემდეგ დაიქირავა ფართი იმ შენობაში, სადაც მისი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. ამასთან, როგორც ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული შენობის მეპატრონეებს და დირექტორ ლომგულ ჭკუასელს უთხრეს, რომ შენობაში სასწავლო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამავე ოფისში წლების მანძილზე არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხნის განმავლობაში მისი იჯარით გაცემა ვერ შეძლეს, გამქირავებელს ეჭვი არ გასჩენია და ოფისი ვინმე არახამიას მიაქირავა, აღნიშნა ვაშაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ამჟამად მიხეილ არახამია არ ჩანს და მას ვერავინ პოულობს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას. 2023 წლის აპრილში ამის თაობაზე საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა ВВС-მ. ბრიტანული ტელეკომპანიის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კეზერაშვილი დგას საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან, რომლის მსხვერპლიც ევროპელი პენსიონერები გახდნენ.
„ქართული ოცნების" მტკიცებით, კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
საქართველოს პროკურატურამ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკვე განახორციელა რამდენიმე მასშტაბური ოპერაცია ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს პროკურატურის მონაცემები
საუბარია თაღლითების საერთაშორისო ქსელზე, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ქოლ-ცენტრები, მათ შორის საქართველოში, რომელთა გამოყენებითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდათ და მათ ფულს ითვისებდნენ.
საქართველოსა და ევროპის ქვეყნების საგამოძიებო ორგანოებმა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ თაღლითები სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში ათავსებდნენ რეკლამას მომგებიანი ინვესტირების შესახებ. ხოლო ქოლ-ცენტრების თანამშრომლები ურეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლებს და იმავე მომსახურებას სთავაზობდნენ. მათ ფულს კი, ვინც თანხმობას აცხადებდა ინვესტირებაზე, თაღლითები ითვისებდნენ.
ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიება 2021 წელს დაიწყო.
საქართველოში 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის ნოემბერში ფართომასშტაბიანი საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა ქოლ-ცენტრების გამოვლენისა და თაღლითურ სქემაში მონაწილე პირების დადგენის კუთხით.
შედეგად დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო ხელმძღვანელები და მონაწილეები, დაწყებულია იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა. საგამოძიებო ორგანოები საქართველოში დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.