„ევროოპტიმისტებს“ არ გაუმართლა – საქართველოს პარლამენტში ორი ახალი ჯგუფი იქმნება

ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი ფრაქცია და ხუთი პოლიტიკური ჯგუფი.
Sputnik
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“ რეგისტრაციის საკითხს, თუმცა კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროოპტიმისტების“ შექმნის წინააღმდეგ წავიდა.
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ შემადგენლობაში შევა ათი დეპუტატი, რომლებმაც უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაგრამ ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩნენ.
რაც შეეხება ექს–პრემიერ გიორგი გახარიასა და მის მიერ დაფუძნებულ პარტიას „საქართველოსთვის“. მისი საპარლამენტო ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ხუთი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ეს ის დეპუტატები აიან, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რიგები 2021 წლის აპრილში დატოვეს და გახარიას გუნდის წევრები გახდნენ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების რეგისტრაცია შესაძლებელია.
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს - დეპუტატმა მთავარი მიზეზი დაასახელა>>
რაც შეეხება კიდევ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს – „ევროოპტიმისტები“, კომიტეტის დასკვნა ამ საკითხზე უარყოფითია.
როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, ამ ჯგუფში ორი დეპუტატი შედის – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე. ისინი პარლამენტში შევიდნენ საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძაობა – ერთიანი ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარდგენით.
ამ საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულმა დეპუტატებმა უკვე შექმნეს საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რაც ამავე საარჩევნო ბლოკიდან წარდგენილ სხვა დეპუტატებს არ აძლევს საშუალებას, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი შექმნან.
კალაძე: ფაშიზმი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა>>
ზემოაღნიშნულის საფუძველზე კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაცია მიზანშეწონილად არ ჩათვალა.
ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ორი ფრაქცია – „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, ასევე ხუთი პოლიტიკური ჯგუფი: „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „მოქალაქეები“ და „რეფორმების ჯგუფი“.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.