თბილისი, 8 მაისი – Sputnik. დაშბაშის კანიონის თავზე აგებულ შუშის ხიდზე 8 მაისიდან 12 მაისამდე ვიზიტორების შესვლა შეჩერდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შუშის ხიდს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გეგმური რევიზია უტარდება.
რაც შეეხება წალკის რაიონში შუშის ხიდის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას და სხვა ატრაქციებს, ის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სტუმრების მიღებას. ვიზიტორებისთვის ასევე ღიაა დაიმონდ გარდენი და რესტორანი, ასევე ბაიკ ლაინი და ვილჰაუსები.
წალკის კანიონზე (დაშბაშის კანიონი) 240 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი 2022 წლის 14 ივნისს გაიხსნა და საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდა. პროექტზე იმუშავა ისრაელის კომპანიამ Kass Land (იგივე Kass Group), რომელმაც კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებაში 120 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კანიონის ტერიტორიაზე 2024 წლამდე მოეწყობა დახურული აკვაპარკი, 50-მდე ვილა და 53-ნომრიანი სასტუმრო. ასევე იგეგმება სხვადასხვა სოციალური სივრცეების, ბავშვთა გასართობი კუთხის და სასეირნო ბილიკების მოწყობა. პროექტის ბიუჯეტი 60-70 მლნ ლარია.
დაშბაშის კანიონი, რომელიც ბუნებრივი ძეგლის სტატუსს ატარებს, წალკის მუნიციპალიტეტში არსებულ ალგეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს.