დროის თითოეულ წამს ჩვენ ორგანიზმში სრულებით გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და მათი მიმდინარეობა მზის მოძრაობის ფაზაზეა დამოკიდებული. მთელი ეს სისტემა უზარმაზარი სიზუსტით მუშაობს. ჩვენ მზის ამ საქმიანობაში არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ამიტომ დღის რეჟიმი ადამიანისთვის მკაცრად რეგლამენტირებულია.
შუაღამისას მზე ჩვენთვის მისი მოძრაობის ყველაზე ქვედა წერტილში იმყოფება, ამიტომ ამ დროს მაქსიმალურად დასვენებულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ. აქედან გამომდინარე, ძილისთვის საუკეთესო დროა 21:00–დან 03:00 საათამდე, თუმცა, შეიძლება გვეძინოს 22:00–დან დილის 4 საათამდე, ასევე 20:00–დან 02:00 საათამდე.
რატომაა მნიშვნელოვანი ადრე დაძინება?
გონება ყველაზე აქტიურად საღამოს 9–დან 11 საათამდე ისვენებს. ამიტომ, თუ საღამოს თუნდაც 10 საათზე არ დაიძინებთ, თქვენი ტვინისა და გონების ფუნქციები დაირღვევა.
მათ, ვინც რეგულარულად იძინებს 23:00 საათის შემდეგ, თანდათან უქვეითდებათ გონებრივი შესაძლებლობები. ინტელექტუალური ძალის შემცირება უცბად არ ხდება, ამიტომ ადამიანს ძილსა და გონებრივ გამოფიტვას შორის პარალელის გავლება უჭირს.
შესაძლოა, ატყობთ კიდეც საკუთარ თავს გონების დაღლილობის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება ან ტვინის განსაკუთრებული დაძაბვა, მავნე ჩვევების გაძლიერება, ნებისყოფის შემცირება, ძილისა და კონფლიქტების გაძლიერებული მოთხოვნილება.
თუ ადამიანს არ სძინავს ღამის 11–დან 1 საათამდე, მას ექნება ნერვული და კუნთოვანი სისტემების დარღვევა, სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნება, მადის დაქვეითება, სიმძიმე სხეულში, ფსიქიკური და ფიზიკური სისუსტე.
თუ ადამიანს არ სძინავს ღამის 1–დან 3 საათამდე, ამით ზარალდება მისი ემოციური ძალა. შედეგად ჩნდება გაღიზიანება, აგრესიულობა, ანტაგონიზმი.
თუ ადამიანის საქმიანობა ძლიერი ნერვული დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, მას 7 საათი უნდა ეძინოს და დილის 4–5 საათზე უნდა ადგეს, ან უფრო მეტიც უნდა ეძინოს – 8 საათი ადგეს 5–6 საათზე.
ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადრე დავიძინოთ; გვიან დაძინება ვნებს როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობას.
კიდევ რას იწვევს ამ წესების დარღვევა?
თუ ადამიანი ყურადღებას არ მიაქცევს დღის სწორ რეჟიმს, თანდათანობით მას დაეწყება დეპრესიული მდგომარეობა, თან ეს შეუმჩნევლად განვითარდება. 1-3 წელიწადში დეპრესია დაგროვდება და ვიგრძნობთ, როგორ უფერულდება ცხოვრების ფერები; გვეჩვენება, რომ ირგვლივ ყველაფერი პირქუშია. ეს იმის ნიშანია, რომ ტვინი არ ისვენებს და მისი ფსიქიკური ფუნქციები იფიტება.