აღკვეთილია დივერსიის მცდელობა: რუსეთის სპეცსამსახურის განცხადება

Sputnik
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორიაზე დივერსია აღკვეთეს, რომელსაც უკრაინული დაზვერვა დრონების გამოყენებით ცდილობდა, იტყობინება რუსული სპეცსამსახური.
„უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის მიერ ივანოვოს სამხედრო აეროდრომ „სევერნიზე“ დაგეგმილი დივერსიული და ტერორისტული აქტის მცდელობა აღკვეთა, რომლის მოწყობაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე დრონებით იგეგმებოდა“, — ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
რუსული მხარის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე სავარაუდოდ რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები — A-50-ები უნდა ყოფილიყო.
როგორც „ეფ-ეს-ბე“ აცხადებს, დივერსიის მოსაწყობად თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა მსუბუქი თვითმფრინავი „აეროპრაქტ A-32-ით“ იგეგმებოდა. თუმცა, უკრაინული დაზვერვის მიერ გადაბირებული პილოტი და დივერსანტები ტულის ოლქში დაშვების შემდეგ დააკავეს იარაღის გადაცემის დროს.
რუსული სპეცსამსახურის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს დივერსული ჯგუფის სხვა წევრების ძებნა.