ილია ჭავჭავაძის მუზეუმმა ევროპის მუზეუმების ფორუმზე პრიზი მოიპოვა

ჭავჭავაძის მუზეუმი 1982 წელს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე გაიხსნა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი - Sputnik. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმა ევროპის მუზეუმების ფორუმზე (European Museums Forum) „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ მოიპოვა.
ევროპის მუზეუმების ყოველწლიურ კონფერენციასა და დაჯილდოების ცერემონიაზე (EMYA 2023), რომელიც 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართა, სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.კერძოდ, სპეციალური ჯილდოები ევროპის (დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ბელგიის, შვეიცარიისა და საქართველოს) ექვსმა მუზეუმმა მოიპოვა.
„პირველი განსაკუთრებული ჯილდო დაიმსახურა მუზეუმმა, რომელიც პატივს მიაგებს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ეროვნულ მოღვაწეს, რომლის საქმიანობაც შეფასებულია, როგორც ეროვნული თავისუფლების, გათავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოდ“, - ნათქვამია ევროპის მუზეუმების ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ევროპის მუზეუმების ფორუმმა სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის მუზეუმის შესახებ ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.
„აღნიშნული მუზეუმი თანამედროვე საქართველოს ევროპული მისწრაფებების კონტექსტში მნიშვნელოვანია. შენობა მკაფიოდ გამოხატავს, რომ ქვეყნის გასაბჭოებამდე საქართველო ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო“, - აღნიშნულია ვიდეორგოლში.
აღნიშნულ დაჯილდოებაზე საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმიც, რომელიც საქართველოს მუზეუმების გაერთიანებაში შედის.
ჭავჭავაძის მუზეუმი თბილისის ცენტრში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 1982 წელს გაიხსნა. შენობა თავის დროზე ილია ჭავჭავაძის დას ელისაბედს ეკუთვნოდა. ელისაბედის მეუღლემ ალექსანდრე საგინაშვილმა შენობა ჯერ კიდევ 1880 წელს ააშენა.
ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა მეუღლესთან ოლღა გურამიშვილთან ერთად. ამ სახლთან არის დაკავშირებული ილიას აქტიური საზოგადოებრივი, პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების წლები.
ამავე შენობაში ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა.
სახლი ცნობილია იმით, რომ აქ მე-19 საუკუნეში ხუთშაბათობით იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება და ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები. ამჟამად მუზეუმის კომპლექსში შედის კოშკი, ღვინის მარანი, ბეღელი, წისქვილი და საცხობი.
რა კაცობა გამოვიჩინეთ?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?>>
ილიას ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ინახება ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მასალა: სამახსოვრო საგნები, პირადი არქივი, მისი ნაწარმოებების გამოცემები, მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურა.
„ევროპის წლის მუზეუმის“ პრემია ბრიტანელმა დამფუძნებლებმა – კენეტ ჰადსონმა, რიჩარდ ჰოგარტმა და ჯონ ლეტსმა 1977 წელს დააარსეს.
კონკურსი ევროპის საბჭოს ეგიდით მიმართულია ევროპის სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებისკენ და ხელს უწყობს სამუზეუმო სივრცეში ინოვაციური მიდგომების განვითარებას.