თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს სთავაზობს, ერთი თვის განმავლობაში ისარგებლონ საპილოტე პროექტით და დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც მათ უფასო კასტრაცია და სტერილიზაცია ჩაუტარდებათ, განაცხადა სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა პრეს–ცენტრ „მთავარში“.
სარეგისტრაციო შესატანია 19 ლარი. ცხოველი (საუბარია ძაღლებსა და კატებზე) რეგისტრაციის შემდეგ სპეციალურ ჩიპს მიიღებს.
„თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც საკმაოდ კარგია. ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას“, – განაცხადა კობიაშვილმა.
მისი განმარტებით, საპილოტე პროექტის შედეგების მიხედვით სააგენტო გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა კამპანია მომავალში.
კობიაშვილის თქმით, დაურეგისტრირებელი ცხოველის მფლობელი დაჯარიმდება.
შინაური ცხოველის მოვლის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 8 ლარია, ხოლო გასეირნების წესების დარღვევა 20–ლარიანი ჯარიმით ისჯება.