თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება პარტიაში ორ ბანაკს შორის უთანხმოების გაგრძელების კიდევ ერთი მიზეზი გახდა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების პირველი ნიშნები 2022 წელს გამოჩნდა. შემდეგ უთანხმოებამ ორ ბანაკს შორის 2023 წლის ზამთარში პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს შეცვლა გამოიწვია. ამასთან, როგორც კენჭისყრამ აჩვენა, პარტიის შიგნით არსებულ ბანაკებში მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით თანაბარია. დაპირისპირებამ პიკს აპრილის ბოლოს მიაღწია და ლიდერები ერთმანეთის ღია კრიტიკაზე გადავიდნენ.
დაპირისპირების ახალი მიზეზი რეგიონებში პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნები გახდა.
„ყველა შიდაპარტიული საკითხი და, განსაკუთრებით, მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და, უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მან პარტიის ყველა წევრს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.
2021 წლის 1 ოქტომბერს ექს-პრეზიდენტის დაკავების მომენტიდან „ნაციონალური მოძრაობა“ მის გათავისუფლებას ითხოვს და მას პოლიტპატიმარს უწოდებს. თავად სააკაშვილი ციხის ნაცვლად თითქმის ერთი წელია კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მას შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლომ უარი თქვა სასჯელის აღსრულების გადადებაზე ან გადავადებაზე, მისმა ადვოკატებმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.
მელიამ შესთავაზა პარტიას შემდეგი: შეწყდეს საუბარი შიდაპარტიულ არჩევნებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული შიდა დაპირისპირება – სააკაშვილის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე; დაისახოს და განხორციელდეს სამოქმედო გეგმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
„არჩევნები ჩანიშნულია, არჩევნები სჭირდება პარტიას. პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება (მომავალშიც)“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, მელიას მოწოდება მისთვის გაუგებარია.
„ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მმართველ პარტიაში უკვე დიდი ხანია „ნაცმოძრაობის" დაშლა დააანონსეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შიდაპარტიული არჩევნების შედეგად პარტიას ლევან ხაბეიშვილი ჩაუდგა სათავეში. მან ნიკა მელია შეცვალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას" გაკოტრებული, დისკრედიტებული და მარგინალური რადიკალური ძალა უწოდა.
ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, „ნაცმოძრაობა" პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.