პროკურატურა: „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს იძულებითი მკურნალობა სჭირდება

ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო ჩართული. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულ ანზორ ლომიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი 31 მარტის საღამოს გაჩნდა. სამართალდამცველებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. ეს სწორედ ის მამაკაცია, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი ცეცხლმოკიდებული სასტუმროს ფონზე ვერანდაზე დგას.
გამოძიების მიხედვით, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.
ხანძარი „ამბასადორში": სასტუმროს გადაწვაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს>>
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი.

„მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას", – აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.