თბილისი, 5 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა.
ორმხრივი სროლის შედეგად, რომელიც ხუთშაბათს, საღამოს რესტორან „ლა ვერასთან" მოხდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.
საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უფროსი ინსპექტორი გოგებაშვილის ქუჩაზე დასაცავი პირის ნათესავთან ერთად იმყოფებოდა და მობილური ტელეფონით საუბრობდა. მოულოდნელად ნათესავს მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ფეხის არეში დაჭრა.
ამის შემდეგ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, მაგრამ ადგილზე მყოფმა უფროსმა ინსპექტორმა მას შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა არ მისცა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელი გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი იარაღს კანონდარღვევით ატარებდა.