თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კიევის რეჟიმის ყველა მოქმედების უკან შეერთებული შტატები, ნატო და დიდი ბრიტანეთი დგანან, მიაჩნია რუსეთის საგარეო სამეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას.
მისი თქმით, „დასავლელმა კურატორებმა“ კიევს აბსოლუტური დაუსჯელობის გრძნობა ჩაუნერგეს.
„ყველაფერზე, რასაც კიევის რეჟიმი სჩადის, პირველ რიგში მისი ვაშინგტონელი, ლონდონელი და, ზოგადად, ნატოელი შემქმნელები და კურატორები აგებენ პასუხს. ეს მათ გაანადგურეს უკრაინაში კანონიერი ხელისუფლება, საჭესთან ავანტიურისტები და ბანდიტები დააყენეს, მოამარაგეს ისინი ფულითა და იარაღით, შთააგონეს აბსოლუტური დაუსჯელობისა და ყველაფრის დასაშვებობის გრძნობა, უზრუნველყოფენ პოლიტიკურ საფარველს და სამხედრო დახმარებას“, — წერს ზახაროვა საკუთარ Telegram-არხზე.
ამგვარი კომენტარი რუსმა დიპლომატმა 2-3 მაისის ღამით კრემლზე დრონების შეტევასთან დაკავშირებით გააკეთა, რაშიც მოსკოვი კიევს ადანაშაულებს.
მანამდე, 3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.