ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი - რა განიხილეს საქართველოს და უნგრეთის პრემიერებმა

პრემიერებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში – ეს და სხვა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ბუდაპეშტში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას იღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს იმართება. წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". ღონისძიების მთავარი სპიკერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია.
პრემიერების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ისაუბრეს აგრეთვე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გამოთქმულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივაც. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსთვის ელოდება.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით სამუშაო სადილი გაიმართა.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.
წყარო - საქართველოს მთავრობა