საქართველო საკუთარი ინტერესებით უნდა მოქმედებდეს - გიგლა ბარამიძე

საქართველოს ყოფილმა ელჩმა სომხეთში ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს, განაცხადა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში საქართველოს პირველმა ელჩმა სომხეთში, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს და საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

„როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებენ, ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობას და კონფლიქტის სწრაფად დასრულებას, მაგრამ მასში ჩაბმას არ აპირებს.
ეს საქართველოსთვის ჰარაკირი იქნებოდა – კალაძე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე >>
„ჩვენ მოგვიწოდებს ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი: გააკეთეთ ეს, გააკეთეთ ის, გამოგზავნეთ თვითმფრინავი მოხალისეებით. ეს გამორიცხულია. საქართველო ამ ყველაფერში მონაწილეობას არ მიიღებს", – განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, პოლიტოლოგის თქმით, არავინ ისე არ ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს, როგორც საქართველო.
ბარამიძის თქმით, დასავლეთში არავინ საუბრობს მსხვერპლის შესახებ უკრაინელ სამხედროებს შორის და რეალურ დანაკარგებს მალავენ.

„ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რობერტ კენედი უმცროსმა თქვა, რომ ის, რასაც ამერიკელ ხალხს უყვებიან უკრაინის ომზე, სიცრუეა. უკრაინა მხოლოდ პაიკია. უკრაინაში უკვე დაიღუპა 300 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი და ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ეს ჩემი კი არა, მისი რიცხვებია“, – განაცხადა ბარამიძემ.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის წარმოსაჩენად პოლიტოლოგმა ასევე მოიყვანა ამერიკელი პოლიტიკოსის ჰილარი კლინტონის სიტყვები, რომელმაც უკრაინას „საუკეთესო ინვესტიცია“ უწოდა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მეგობარია, მაგრამ ურთიერთობები უნდა იყოს არა კოლონიალური, არამედ მეგობრული.