მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - საქართველოს პრემიერი

მსოფლიოში არსებული რთული ვითარებიდან გამოსვლა შესაძლებელია ერთიანობითა და გლობალური თანამშრომლობით, აღნიშნა პრემიერმა.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გლობალური მსოფლიო წესრიგის ცვლილება სახელმწიფოებისგან გლობალურ თანამშრომლობასა და ერთიანობას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4 მაისს დაიწყო, ის ორი დღე გაგრძელდება. ღონისძიების ძირითადი სპიკერია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

„დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ერთიანობისთვის ძალას იძლევა ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც ქვეყნის მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს: რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, წინაპრების, მშობლების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული.
ყველაფერი შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, აღნიშნა პრემიერმა.

„ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენს ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წელს კონფერენცია იმართება ლოზუნგით „ჩვენ ერთად ვდგავართ". კონფერენციაზე მოიწვიეს სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში და ამერიკელი კონგრესმენი ბარი მური.
ამერიკის კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქმა ამ ღონისძიებას გასულ წელსაც უმასპინძლა. შარშანდელი კონფერენციის ღირებულებები იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი".