ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს

საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კორეის რესპუბლიკისგან ოფიციალურად გადაიბარა.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ხუთშაბათს საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კორეის რესპუბლიკისგან ოფიციალურად გადაიბარა.
5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.
რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას - აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი >>
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარია. საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია ინკლუზიური და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
აზიის ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციას აბანდებს >>
ADB-ს მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ და სტაბილურ განვითარებას. ამავდროულად ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.