თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველო მოწინავე ქვეყანაა და იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რომ საკუთარ თავთანაც მართლები ვიყოთ. შემდეგ უკვე რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო იმსახურებდა სტატუსს და, რა თქმა უნდა, დღესაც მოწინავეა“, – განაცხადა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
კალაძემ შეურაცხმყოფელი და გაუგებარი უწოდა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საპირწონედ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს სვამენ.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა უფრო ადრე განაცხადეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის სიკვდილის პირასაა. მათი თქმით, სააკაშვილი თუ მოკვდება, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება.
„შეურაცხმყოფელია, როდესაც კრიმინალის საპირწონედ გიყენებენ იმას, ქვეყანა მიიღებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. აქაც ერთგვარი დამოკიდებულება ჩანს ე.წ. ჩვენი მეგობრებისგან, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ... აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კალაძემ.
სამწუხაროა, რომ მსგავსი განცხადებები ისმის ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსებისგან, აღნიშნა მან.
„რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ არიან ევროპა“, – დაამატა თბილისის მერმა.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის სააკაშვილის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო, სამარცხვინო უწოდა.
მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და ამაზე ქვეყნის ხელისუფლების არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.
მსჯავრდებული სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში" იმყოფება. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრომ და კლინიკა „ვივამედის" ექიმებმა, სადაც პაციენტი მკურნალობას გადის, განაცხადეს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, მთავარი მიზეზი კი სრულფასოვან კვებაზე უარის თქმაა. ექიმები აცხადებენ, რომ ის კალორიების მხოლოდ იმ რაოდენობას იღებს, რომელიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად არის საჭირო და არა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო სარწმუნოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები მიიჩნია, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები.
2 მარტს ეს გადაწყვეტილება დაადასტურა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრისაქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.