კახა კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებას უპასუხა

Sputnik
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებებს შეურაცხმყოფელი უწოდა და აღნიშნა, რომ მათ, ვინც დღეს ევროპის სახელით საუბრობს, საერთო არაფერი აქვთ ევროპულ ღირებულებებთან.
გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ყველა პირობა, არამედ იმიტომ, რომ ამას ქართველი ხალხი იმსახურებს და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.

„ისინი, ვინც დღეს ჩვენთან ევროპის სახელით საუბრობენ, ევროპულ ღირებულებებთან საერთო კავშირი არ გააჩნიათ... არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ იგი შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში", – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა არ გამორიცხა, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს“.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში, რომელიც 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან გაიმართა. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო. გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს. აქციაზე ფონ კრამონმა სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ვინც მხარს უჭერს პროდასავლურ და ევროპულ პოზიციებს.
კალაძე: ანტიდასავლური განცხადებები არ გამიკეთებია>>>
კალაძეს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამების კამპანია მიმდინარეობს, თითქოს ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. როგორც მმართველი პარტიის გენმდივანმა განმარტა, კონკრეტული ევროპარლამენტარების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს ანტიდასავლურ განწყობებს.
„ის, რომ მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. შესაბამისად, როგორც დედაქალაქის მერი, პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ", – განაცხადა კალაძემ.
სამშაბათს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან აქცია გამართეს, რითაც გააპროტესტეს კალაძის განცხადებები იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მიიღო 2022 წლის ზაფხულში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მერის თქმით, მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სანქციების დაწესებაზე.

„ეს კამპანია მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს", – აღნიშნა კალაძემ.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„ქართულმა ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის მიერ თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო. 2022 წლის განმავლობაში შესწორებები 80-ზე მეტ კანონში შევიდა. პროცესში ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი ჩაერთო. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ მიმართულებით ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდა.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.