თბილისი, 4 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ სიცრუე უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმაში შეერთებული შტატები მონაწილეობდა.
„მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი კავშირი არ აქვს ამასთან. რაც უნდა ყოფილიყო ეს, ჩვენ მასთან შეხება არ გვაქვს. პესკოვი უბრალოდ ტყუის“, — აღნიშნა კირბიმ.
მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, და ეს მოსკოვმა კარგად იცის. მისი თქმით, „მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებებს იღებენ არა კიევში, არამედ ვაშინგტონში. კიევი კი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ გააკეთოს“.
3 მაისს კრემლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის მიერ გაშვებულმა ორმა დრონმა კრემლს შეუტია, რაც მოსკოვმა ტერაქტად და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმად შეაფასა. უპილოტო აპარატები კრემლის სენატის სასახლის თავზე აფეთქდა, რომელშიც პუტინის სამუშაო კაბინეტი და ასევე საცხოვრებელი რეზიდენციაა განთავსებული. კრემლის განცხადებით, მოსკოვი საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს — „იქ და იმ დროს, სადაც და როდესაც ჩათვლის საჭიროდ“.
უკრაინის ხელისუფლება უარყოფს ყოველგვარ კავშირს კრემლზე დრონების შეტევასთან. ფინეთში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იცავს და არანაირი შეტევა არ მიუტანია არც ვლადიმირ პუტინზე და არც მოსკოვზე.