თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2023"-ის საქართველოს მონაწილე ირუ ხეჩანოვამ ლივერპულში პირველი რეპეტიცია გაიარა.
რიგით 67-ე კონკურსი „ევროვიზია-2023" ჩატარდება მიმდინარე წლის 9, 11 (ნახევარფინალები) და 13 (ფინალი) მაისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლივერპულში. ირუ ხეჩანოვა მეორე ნახევარფინალში, 11 მაისს მე-11 ნომრად გამოვა.
ირუ ხეჩანოვას რეპეტიცია ევროვიზიის -2023-ის სცენაზე
© Courtesy of Eurovision Georgia
საქართველოს წარმომადგენელმა რეპეტიცია „M@S bank არენას“ სცენაზე გაიარა. ირუს გამოსვლის სცენოგრაფიაზე ავსტრიელმა რეჟისორმა მარვინ დიეტმანმა იმუშავა.
მარვინ დიეტმანი სატელევიზიო გასართობი და საკონცერტო შოუების პროდიუსერი და რეჟისორია. მას ასევე გადაღებული აქვს 100-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და ის მრავალი არტისტის მუსიკალური ტურნეს მთავარ პროდიუსერად მუშაობდა.
ირუ ხეჩანოვას რეპეტიცია ევროვიზიის -2023-ის სცენაზე
© Courtesy of Eurovision Georgia
„უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ემოციური იყო ჩემი გამოსვლა, რადგან პირველად ვნახე ყველაფერი ერთად - სცენოგრაფია და სიმღერა. ამდენი წლის განმავლობაში ამ მომენტისთვის ვემზადებოდი“, - განუცხადა ირუმ ჟურნალისტებს რეპეტიციის შემდეგ.
ირუ ხეჩანოვას რეპეტიცია ევროვიზიის -2023-ის სცენაზე
© Courtesy of Eurovision Georgia
მომღერალმა კვლავ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ფინალში გავიდეს და კონკურსში ღირსეული ადგილი დაიკავოს.
ირუ ხეჩანოვა 22 წლისაა. გოგონამ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკალური კომპოზიციის განყოფილება დაამთავრა. ამჟამად კავკასიის უნივერსიტეტის PR-ის კათედრაზე სწავლობს.
ირუ ხეჩანოვას რეპეტიცია ევროვიზიის -2023-ის სცენაზე
© Courtesy of Eurovision Georgia
სასცენო კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი 2011 წელს „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით მონაწილე ჯგუფ „ქენდის" ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც ქვეყანას მაშინ გამარჯვება მოუტანა.
„ევროვიზია 2023"-ში 37 ქვეყანა მონაწილეობს. აღმოსავლეთ ევროპის ოთხმა ქვეყანამ - მონტენეგრომ, ბულგარეთმა, ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ჩრდილოეთ მაკედონიამ უარი განაცხადეს მუსიკალურ კონკურს „ევროვიზია 2023“-ში მონაწილეობაზე.