პარლამენტმა ვანდალიზმისთვის ჯარიმები დაამტკიცა

საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის დაზიანება-განადგურებისთვის ასევე ჯარიმაა გათვალისწინებული
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის 300-500 ლარიანი ჯარიმას ითვალისწინებს.
პროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების მიხედვით, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში ან მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის ან ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება 300 ლარით ჯარიმდება.
კანონდამრღვევს იგივე ჯარიმის გადახდა მოუწევს სხვა საზოგადოებრივი ობიექტების დაზიანებისა ან განადგურებისთვის, მათ შორის საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, ვიდეოდაკვირვების კამერების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვენტარის.
თუ ზემოაღნიშნული დარღვევები განმეორდება, სასჯელი გამკაცრდება: ჯარიმა 500 ლარი ან 5 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა.
ცვლილებების მიღებამდე ვანდალიზმი ადმინისტრაციულ სასჯელს არ ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის სამართალდარღვევად 150 ლარზე ზემოდ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა.
ცვლილებები ძალაში შევა პრეზიდენტის ხელმოწერისა და საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ.