თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM Dubai 2023 დიდი დაინტერესება გამოიწვია პროექტმა Starring Georgia, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში ცნობილი არტისტები საქართველოში კონცერტებს გამართავენ, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
Starring Georgia მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. კამპანიის მთავარი მიზანია ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერება. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები Nile Rodgers & Chic, FKJ, The Killers და სხვა შემსრულებლები კონცერტებს გამართავენ თბილისში, ბათუმსა და შეკვეთილში.
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გამოფენის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული და ავიაკომპანიების, საერთაშორისო მედიისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
მაია ომიაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ტურისტული მიმართულებები და ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის Starring Georgia-ს ფარგლებში ჩასატარებელი კონცერტების შესახებ, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მარკეტინგულ, საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, მათ გავაცანით ტურისტული პროდუქტი საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესია ზაფხულში დაგეგმილი Starring Georgia-ს პროექტის მიმართ, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების მასპინძლობას გულისხმობს“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.
საქართველო ATM Dubai 2023-ზე დუბაიში
© Courtesy of the Georgian National Tourism Administration
დუბაიში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებს მართავს სპარსეთის ყურის ქვეყნების უმსხვილეს ტურისტულ და ავიაკომპანიებთან.